საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი დავითგარეჯის საქმეზე ანდრიუს კუბილიუსის კრიტიკამ ამჯერად "გააღიზიანა".
„მისი ირონია და მისი დამოკიდებულება დავითგარეჯის თემასთან დაკავშირებით არის გამაღიზიანებელი და ვფიქრობ, შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
კუბილიუსმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ დავითგარეჯის საქმის წამოწყება სასაცილოა, ვინაიდან, მისი თქმით, საქმე რეალური პრობლემების გადაფარვას ემსახურება.
კუბილიუსმა ასევე თქვა, რომ დავითგარეჯის საქმის სპეციფიკა ტრადიციულ პოსტსაბჭოთა ხრიკებს ახსენებს, რომლებსაც საბჭოთა მემკვიდრეობის მქონე ხელისუფლებები საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ იყენებენ ხოლმე.
ვოლსკიმ კუბილიუსის კრიტიკის პასუხად ევროპარლამენტარს რეალობისთვის თვალის გასწორებისკენ მოუწოდა. ახლა კი, ვოლსკი ამტკიცებს, რომ კუბილიუსი ისეთივე ოპოზიციონერია საქართველოს ხელისუფლებისთვის, როგორც ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა.
„ანდრიუს კუბილიუსი ნაციონალური მოძრაობის ისეთივე მხარდამჭერი და შეიძლება ითქვას, ერთი გაერთიანებული პოლიტიკური გუნდის წევრია, როგორც ნებისმიერი სხვა გინდ ევროპული საქართველოდან, გინდ ნაციონალური მოძრაობიდან და მისი პოზიცია არ არის გასაკვირი“,- ამბობს ვოლსკი.
კუბილიუსის კრიტიკამ მმართველი გუნდის სხვადასხვა წევრში სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია. მაგალითისთვის, კუბილიუსის კრიტიკამ "გააოცა" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ხოლო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია კუბილიუსის კრიტიკის გამო "შეშფოთდა".